Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

გავრცელებული მითები

 

mag_preview

ათასწლეულების განმავლობაში კაბალის ირგვლივ უამრავი მითი და ცრუ რწმენა აღმოცენდა. რა არ გაუსაღებიათ კაბალად – მაგიური რიტუალები, კარტზე და ყავაზე  მკითხაობა, ციფრებით ჟონგლირება (გემატრია, ნუმეროლოგია), ქვები და ამულეტები, წითელი ძაფები და სუნთქვითი ვარჯიშები, რიტუალური ცეკვებიც კი...

 

კაბალა  არის  თითოეული ადამიანის მიერ შემქმნელის ინდივიდუალური შეგრძნების, განცდის მეთოდი. ეს არის მეცნიერება მთელი სამყაროს წყობის შესახებ, რომლის შესწავლაც ადამიანს საშუალებას აძლევს პასუხი გასცეს  კითხვებს საკუთარი არსებობის მიზეზისა და მიზნის შესახებ, გაარკვიოს, მონახოს თავისი ადგილი ცხოვრებაში.

აქ ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ რამოდენიმე ფართოდ  გავრცელებული სტერეოტიპი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ახლოს გაეცნოს კაბალის მეცნიერებას.

მითი 1

კაბალის შესწავლა მხოლოდ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შეუძლიათ.

პასუხი: უდიდესი კაბალისტის –ჰარის დროიდან (ჰაელოქი რაბი იცხაკ – ღვთიური რაბი იცხაკი – საუბარია იცხაკ ლურია აშქენაზის შესახებ) მოყოლებული კაბალის შესწავლაზე არავითარი შეზღუდვა აღარ არსებობს. აი რას წერს მისი ერთგული მოსწავლე – რაბი ხაიმ ვიტალი „მავო ლეშაარ ჰაჰაკდამოთ“–ში (წინასიტყვაობათა კარიბჭის შესავალი): „ შემქმნელს თავის სამყაროში ერთადერთი სიამოვნება გააჩნია – როდესაც (ადამიანები) ამ მეცნიერების შესწავლით არიან დაკავებული. უფრო მეტიც, ადამიანი მხოლოდ კაბალის შესწავლისათვისაა გაჩენილი.“

მისი შესწავლა შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი გააჩნია – ბავშვებსაც კი. კაბალის შესწავლასთან დაკავშირებული ყველა აკრძალვა თვით კაბალისტების მიერ იყო დადგენილი, რათა  დაეცვათ ისინი, ვის სულებსაც განვითარების შესაბამის დონემდე ჯერ კიდევ არ მიეღწია. კაბალისტები მხოლოდ მათ იყვანდნენ მოწაფეებად, ვინც მკაცრ გადარჩევას გადიოდა. ეს აკრძალვები მხოლოდ XVI საუკუნემდე არსებობდა.

დღეს  მილიონობით ადამიანი გრძნობს კაბალის შესწავლის საჭიროებას და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. შემქმნელისადმი სწრაფვა   ადმიანის ბუნებაშია ჩადებული და დღეს ეს ცხადად ვლინდება.

ყველაფერს მხოლოდ სურვილი განსაზღვრავს. თუკი ადამიანს წყურია, სურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე მომწიფდა და მასზე არავითარი აკრძალვა აღარ მოქმედებს.

და საერთოდ, კაბალაში ცნებები „არ შეიძლება“ და „აკრძალულია“ იმას ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ კაბალის შესწავლის აკრძალვა, პირდაპირ რომ ითქვას, შემდეგს ნიშნავს: „ვერ შეძლებს კაბალის შესწავლას სურვილის უქონლობის გამო“.

მითი 2

კაბალა იუდაიზმის მისტიკური სწავლებაა

პასუხი:

კაბალა  დაახლოებით 4 000 წლის წინათ შუამდინარეთის ტერიტორიაზე, ბაბილონის ეპოქაში აღმოცენდა. პირველი კაბალისტი ქალდეის ძველი ქალაქის, ურის მცხოვრები აბრამი იყო, რომელმაც სამყაროს იმ სფეროს შეცნობა შეძლო, რომლის აღქმაც შეუძლებელია ადამიანის მიერ გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით. აბრამმა მიმდევართა ჯგუფი შემოიკრიბა და  თავის მოწაფეებს ადამიანისათვის  დაფარული სამყაროს შეცნობის მეთოდი გადასცა. აქედან მოყოლებული, ეს ცოდნა  აბრამის მიმდევართა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალისხმევით თაობიდან თაობაში გადადიოდა. ეს ჯგუფი დროთა განმავლობაში ერად ჩამოყალიბდა – ებრაელ ერად. შეიძლება ითქვას, რომ ებრაელმა ერმა კი არ დაუდო საფუძველი კაბალას, არამედ პირიქით – კაბალამ ებრაელი ერის ჩამოყალიბებას, ხოლო რაც შეეხება იუდაიზმს, თავისი დღევანდელი ფორმით, ის გაცილებით უფრო გვიან ჩამოყალიბდა.

მითი 3

კაბალა, ისევე როგორც ყველა სხვა რელიგია, რწმენით უნდა მიიღო.

პასუხი:

კაბალა და რწმენა სრულიად ურთიერთსაპირისპირო ცნებებია. კაბალას საერთოდ არა აქვს შეხება არც რელიგიასთან, არც რაიმე სახის  რწმენასთან.  კაბალა სუფთა სახის ექსპერიმენტია.

ადამიანი გარემომცველ სინამდვილეს იმ ინფორმაციის გადამუშავებით აღიქვამს, რომელიც ტვინს გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით გადაეცემა, გარდა ამისა, ორგანოების შესაძლებლობების დიაპაზონის გასაფართოებლად დამატებით ტექნიკურ ხელსაწყოებს იყენებს. სამყაროს იმ ნაწილის გამოსაკვლევად, რომელსაც ჩვენ ტრადიციული მეთოდით ვერ აღვიქვამთ, აუცილებელია საკუთარ თავში  გრძნობის „მეექვსე ორგანო“ განვავითაროთ.

ამ დამატებითი სენსორის მეშვეობით ადამიანი  სამყაროს აღუქმელი, დაფარული ნაწილის შეგრძნებას და აკადემიურ მეცნიერებებში მიღებული წესების შესაბამისად მის შესწავლას იწყებს. იმისათვის, რომ შედეგები უფრო ზუსტი და საიმედო იყოს, კაბალისტები ცდების მრავალჯერადი გამეორების ხერხს და ცოდნის ერთი მკვლევარიდან მეორეზე გადაცემის მეთოდს იყენებენ. ერთადერთი, რაც მეცნიერ კაბალისტს სხვა დარგის მეცნიერებისაგან განასხვავებს,  არის ის, რომ კაბალისტმა კვლევის დაწყებამდე საკუთარ თავში გრძნობის განსაკუთრებული ორგანო – სული უნდა განავითაროს.

მითი 4

კაბალისტური ცოდნის გამოყენება ბიზნესში წარმატების მიღწევაში გვეხმარება

პასუხი:

თუკი ადამიანი ნამდვილ კაბალას  იმ უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლის, რომლებიც კაცობრიობის წიაღში ათასწლეულების მანძილზე არსებობს, ის ვერ მიიღებს იმის მზა რეცეპტს, თუ როგორ იყოს წარმატებული ყოფით ცხოვრებაში, სადაც ის საკუთარი ეგოისტური თვისებებითა და სურვილებით ხელმძღვანელობს.

კაბალა არ პირდება ადამიანს არავითარ მომხიბლავ პერსპექტივას მის ყოველდღიურ ეგოისტურ არსებობაში, სადაც მას უნდა წარმატებულად მოეწყოს სამუშაოზე,  იშოვოს შემოსავლიანი თანამდებობა, რაც შეიძლება უფრო ხელსაყრელად იქორწინოს ან გათხოვდეს, რაც შეიძლება სწრაფად გამდიდრდეს, მოიპოვოს ძალაუფლებას, ის  არც შეურყეველ ჯანმრთელობას გვპირდება. ერთი სიტყვით, კაბალის შესწავლით თქვენ ეგოისტურ სურვილებს ვერ დაიკმაყოფილებთ.

კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ამქვეყნად სასწაულები არ ხდება.

კაბალა თავის წინაშე ერთადერთ მიზანს ისახავს – დაეხმაროს ადამიანს ჩაწვდეს საკუთარი ცხოვრების არსს

მითი 5

კაბალა კაცობრიობის მომავალს წინასწარმეტყველებს.

პასუხი:

კაბალა გვაუწყებს, რომ თუკი ჩვენ გამოსწორების პროგრამის განხორციელებას არ შევუდგებით, მაშინ  ჩვენ მესამე და მეოთხე მსოფლიო ბირთვული ომების გადატანა მოგვიწევს, რის შემდეგაც დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანი დარჩება და ისინი მაინც შეძლებენ ქმნილების პროგრამის განხორციელებას. ეს ადამიანები თავის თავში ყველა სულს მოიცავენ. საქმე ჩვენი სხეულების რაოდენობაში კი არა, სულების  ხარისხშია, რომლებმაც ბუნებაში ჩადებული პროგრამის შესაბამისად  არსებობის უმაღლეს დონეს უნდა მიაღწიონ. კაბალა ამბობს, რომ საბოლოო მიზანი წინასწარ განსაზღვრული და აბსოლუტურად კეთილია. თუმცა ამ მიზნისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ თავად ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ დღეს, სწორედ განვითარების ამ ეტაპზეა ვალდებული კაცობრიობა, სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანი  გააკეთოს.

წინასწარ არც ერთ კაბალისტს არ შეუძლია გაითვალოს ის გზა, რომლითაც კაცობრიობა განვითარდება, რადგან ეს მისი თავისუფალი ნებით განისაზღვრება. კაბალისტები  განვითარების სხვდასხვა ვარიანტებზე საუბრობენ, რომლებიც შეიძლება ადამიანის ბუნებაზე ამა თუ იმ ზემოქმედების შედეგად განვითარდეს, თუმცა თვით გზის არჩევანი უცნობია და შეუძლებელია მისი პროგნოზირება. ის მხოლოდ ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

მითი 6

კაბალაში არსებობს რიტუალური მოქმედებები და წეს–ჩვეულებები.

პასუხი

არავითარი რიტუალური მოქმედება, წეს–ჩვეულება და გარეგნული, მექანიკური  პრაქტიკა კაბალაში არ არსებობს. ამიტომ, თუკი თქვენ რაიმე მსგავსს წააწყდებით, მაშინ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აქ ჭეშმარიტ კაბალასთან არა გაქვთ საქმე. იგივე შეიძლება ითქვას  სიტყვების ციფრობრივი მნიშვნელობებით მანიპულაციის, სფირების გამოსახულებების, ტაროს კარტების შესახებაც. ყოველგვარი გამოსახულება სხვა არაფერია, თუ არა თვალსაჩინო მასალა.

კაბალა – ესაა  თითოეული ადამიანის  მიერ შემქმნელის პირადად შეცნობის მეთოდი. ამიტომაც. თუკი ვინმე ქვებს ან განსაკუთრებულ ამულეტებს გთავაზობთ – ეს გამყიდველის გამდიდრების მეტს არაფერს ემსახურება. რა თქმა უნდა, თუკი თქვენ, ინდიელი აბორიგენის მსგავსად, ამულეტის ძალისა გწამთ, ის ფსიქოლოგიურად დაგეხმარებათ, მაგრამ მეტი არაფერი. კაბალაში, ისევე როგორც ყველა აკადემიური ცოდნის სისტემაში, არ არის არავითარი მისტიკა. კაბალა – მეცნიერებაა. ესაა საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც მთელ სამყაროს შეისწავლის, განსხვავებით სხვა მეცნიერებებისაგან, რომლებიც მხოლოდ მატერიალურ სამყაროს განიხილავენ.

წინსვლა მხოლოდ საკუთარი განზრახვის გამოსწორების სურვილითაა შესაძლებელი  და არა მექანიკური მოქმედებების ზედმიწევნით შესრულებით.

მითი 7

კაბალისტები ამულეტებს, ნაკურთხ წყალს და წითელ ძაფებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ , როგორც ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებებს.

პასუხი:

კაბალა არ გვასწავლის იმას, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მატერიალური ცხოვრება და მას ვერ გამოვიყენებთ გამდიდრებისათვის, დიდებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად. კაბალას ადამიანი ჩვენი ქვეყნიერების აღქმიდან სულიერი სამყაროს აღქმაში გადაჰყავს (რეალობაში, რომელიც დამატებითი გრძნობის ორგანოთი, „სულით“  შეიმეცნება). აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მეთოდი, რომელსაც ადამიანი მატერიალურ სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად იყენებს, არ შეიძლება ჭეშმარიტი კაბალა იყოს.

კაბალის განსაზღვრას სტატიაში „კაბალის მეცნიერების არსი“ ამ საკითხში შეუდარებელი ავტორიტეტი, კაბალისტი ბაალ სულამი გვაძლევს. იგი წერს: „კაბალის მეცნიერება წარმოადგენს უმაღლესი ძალების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგიბრივ თანმიმდევრობას, რომელიც მუდმივ, აბსოლუტურ და ერთმანეთზე დამოკიდებულ კანონებს ემორჩილება და ამქვეყნად მყოფი ადამიანისათვის უმაღლესი მმართველი ძალის (შემქმნელის) გამოვლენას ემსახურება“.

ჯერ კიდევ  ჰარი ამბობდა, რომ ამულეტები და შელოცვები აკრძალული უნდა იყოს. მათი გამოყენებით ჩვენ ადამიანს ვაბნევთ და არასწორ გზაზე ვაყენებთ. ადამიანს გონია, რომ ეს ნივთები რაღაც ზებუნებრივი ძალის მატარებლები არიან, სინამდვილეში კი მიღებული ეფექტი მხოლოდ ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების  შედეგია.

ადამიანი უსაფრთხოებისაკენ ისწრაფვის, მას სურს დარწმუნებული იყოს ხვალინდელ დღეში. არსებობს უამრავი იღბალთან დაკავშირებული ცრურწმენა, რომლის შედეგსაც წინასწარ  ვერავინ გამოიცნობს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ნებისმიერი საშუალებით სარგებლობს იმისათვის, რომ თავისი არამყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოასწოროს, მაგრამ  მან უნდა იცოდეს, რომ ძალა არა ამულეტის ზებუნებრიობის წყალობით ემატება, არამედ იმიტომ, რომ  ამულეტის ძალისა სჯერა.

კაბალისტები ყოველივე ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან, რადგანაც ამით მახინჯდება ჩვენი წარმოდგენა სულიერების შესახებ: ადამიანი  სულიერი სამყაროს ძებნას ფარული ძალების სახით ამქვეყნიურ მატერიალურ ნივთებში, ასოების განსაკუთრებულ კავშირში, კოდებში და შელოცვებში იწყებს. ჩვენ უნდა გავიზარდოთ და გავიგოთ, რომ სასურველი ეფექტი ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ რწმენას მოაქვს და არა უმაღლეს ძალას.

მითი 8

კაბალა მედიტაციების ტექნიკას იყენებს და თავისი მიმდევრებისაგან ასკეტიზმს მოითხოვს

პასუხი:

მედიტაცია და მისი მსგავსი ტექნიკები ადამიანის ცხოველმოქმედების მინიმუმამდე დაყვანაზე, მისი სურვილების შემცირებასა და მათ თითქმის სრულებით გაქრობაზეა აგებული. ისინი მოუწოდებენ ადამიანს ნაკლები ჭამოს, ნაკლები იმოძრაოს, ისუნთქოს, იფიქროს და ა.შ. ეს გასაგებიცაა, რადგან დაუკმაყოფილებელი სურვილი ადამიანის ტანჯვის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, რაც უფრო მცირეა ადამიანის სურვილი, მით უფრო კომფორტულად, მშვიდად და თავისუფლად გრძნობს ის თავს.

ეს მსოფლმხედველობა სრულებით ეწინააღმდეგება კაბალის პრინციპს, რომელიც ადამიანისაგან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას მოითხოვს: ადამიანი უნდა სწავლობდეს, მუშაობდეს, ჰქონდეს ოჯახი, მსახურობდეს ჯარში და ა.შ. კაბალა არ ებრძვის ადამიანის ეგოს, არ ცდილობს მიჩქმალოს მისი უარყოფითი მხარეები, არამედ პირიქით, მაქსიმალურად ავლენს იმისათვის, რომ ადამიანმა მათი გამოსწორება შეძლოს. სულიერი წინსვლა არა სურვილების შემცირების, არამედ მათი ზრდის ხარჯზე ხდება.

გამოსწორება – ადამიანზე უმაღლესი შუქის ზემოქმედების პროცესია და არა საკუთარი თავის იძულებით შეზღუდვა. ამით განსხვავდება კაბალა სხვა მეთოდებისაგან. ის იყენებს ადამიანის სიღრმეში მოქმედ შემქმნელის ძალას და არა გარე, იძულებით ზემოქმედებას.

სიამოვნების მიღების სურვილი ჩვენი არსია, მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ქმნილების არსებობის მიზანი სრულყოფილი სიამოვნების მიღებაში მდგომარეობს. სიამოვნების მიღება არ არის სამარცხვინო. უნდა მოხდეს არა სურვილის, არამედ  გამზრახვის კორექტირება და გამოსწორება.

მითი 9

კაბალა – იუდეველთა რელიგიის ნაწილია

პასუხი:

ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრია კაბალის რელიგიის ნაწილად ჩათვლა. განვიხილოთ კაბალისა და რელიგიის ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორები.

რელიგია გვასწავლის, რომ შემქმნელი ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას მისი საქციელიდან გამომდინარე იცვლის.

თუკი მე კარგად მოვიქცევი, შემქმნელიც კარგად მომექცევა, ანუ შეიცვლის ჩემს მიმართ დამოკიდებულებას. რელიგია უბიძგებს ადამიანს ეძებოს შემქმნელზე ზემოქმედების მეთოდები: გაიღოს მოწყალება, აანთოს სანთლები, არა აქვს მნიშვნელობა კიდევ რა, ყველა რელიგიაში განსხვავებული რიტუალები – შემქმნელის „მოქრთამვის“ განსხვავებული ხერხები არსებობს.

ადამიანებს სჭირდებათ ასეთი ფსიქოლოგიური დახმარება და მზად არიან ამისათვის თანხაც გაიღონ. რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყველაფერს იჯერებს.

კაბალა ამტკიცებს – უმაღლესი ძალა უცვლელია. შემქმნელი არ ცვლის ადამიანის მიმართ თავის დამოკიდებულებას – ის კეთილი და სიკეთის მყოფელია და თუკი გვსურს, რომ ის ასეთად აღვიქვათ – ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ, მისი მსგავსი გავხდეთ.

კაბალა გვასწავლის, რომ ჩვენს ირგვლივ ერთიანი, აბსოლუტურ სიმშვიდეში მყოფი და ჩვენზე გამუდმებით დადებითად მოქმედი უმაღლესი შუქია. უბრალოდ ჩვენ ამ შუქს საკუთარი ეგოიზმის პრიზმაში ვატარებთ და დამახინჯებულად აღვიქვამთ.

ეს ძალა ჩვენ არც გვსჯის და არც გვაჯილდოებს. ის ჩვენ გვზრდის იმისათვის, რათა ყოველივე იმ სიკეთის მიღება შევძლოთ, რისი მოცემაც მას ჩვენთვის სურს.

 

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია