რა არის კაბალა? ეს არის - მეცნიერება თუ ზეშთაგონება? დაფარული თუ ღია სწავლება? აქვს თუ არა მას უშუალო დამოკიდებულება ჩვენს დროსთან და არსებობს თუ არა მისი შესწავლის გარდაუვალი აუცილებლობა თუ ეს ცოდნა მხოლოდ საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენამდე მოღწეული ლეგენდაა? ამას და კიდევ ბევრ სხვა რამეს შეიტყობთ ამ განყოფილებაში...
კაბალა არის მეცნიერება სამყაროს შესახებ, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ჩვენც წარმოვადგენთ. თუმცა მისი დახმარებით შეიძლება არა მარტო ჩვენი სამყაროს იმ ნაწილის შეცნობა, რომელსაც გრძნობის ხუთი ორგანოთი აღვიქვამთ, არამედ კიდევ სამყაროს იმ მოცულობისა, რომელიც ჩვენი შეგრძნებებისთვის მიუღწეველია. ეს ნაწილი მასში ყველაზე მთავარია - სწორედ ის გვიზიდავს ჩვენ კაბალის შესწავლისას.
მე–20–ე საუკუნის უდიდესი კაბალისტი რაბი იეჰუდა აშლაგი – ბაალ სულამი კაბალის ასეთ განმარტებას იძლევა: „კაბალა, არც მეტი და არც ნაკლები, წარმოადგენს უმაღლესი ძალების ზემოდან ქვემოთ დაშვების მიზეზ–შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც აბსოლუტურ და მუდმივ კანონებს ექვემდებარება. ძალების, რომლებიც გაერთიანებული და მიმართულია ერთი უაღრესად მაღალი მიზნის მისაღწევად, რასაც „ადამიანისათვის შემქმნელის ამქვეყნად გამოვლენა“ ეწოდება.“
კაბალა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სამყაროს აგებულების კანონზომიერებებს. ის ლაპარაკობს მთელ სამყაროზე, როგორც ერთ მთლიან, შეკრულ სისტემაზე, რომლის გაწყვეტაც შეუძლებელია. ჩვენ კი ამ სისტემის მხოლოდ ერთ ნაწილს აღვიქვამთ, რომელსაც ჩვენი სამყარო ჰქვია, მეორე ნაწილი კი, რომელსაც „უმაღლესი სამყარო“ ეწოდება და რომელიც მართავს ჩვენს სამყაროს, ჩვენი აღქმის ორგანოებისათვის დაფარულია. ამიტომ, ჩვენთვის ჩვენში და ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების ნამდვილი მიზეზი და მათი შედეგი გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ხშირად ისე ვიქცევით, როგორც უგუნური არსებები. კაბალისტების აზრით, სწორედ ამ უმაღლესი მართვის მიზნის და კანონების უცოდინარობა, ჩვენი მათდამი შეუსაბამობაა ადამიანთა ტანჯვის ძირითადი მიზეზი.
ერთ–ერთი უდიდესი კაბალისტი – რავ კუკი ასე ამბობდა: „ისევე, როგორც ადამიანი ვალდებულია შეეგუოს მატერიალურ ბუნებას და მის კანონებს, ის ასევე ვალდებულია შეეგუოს სულიერი ბუნების კანონებსაც, რომლებიც მთელს სამყაროში ბატონობენ, სამყაროში, რომლის ნაწილიც თვით ადამიანია.“
კაბალისტები ამბობენ, რომ სული შემქმნელის ნაწილია მაღლიდან, მსგავსად კლდიდან მოტეხილი ქვისა და მათ შორის არავითარი სხვაობა არ არსებობს, უბრალოდ ერთი მთელია და მეორე – ნაწილი.
„ადამიანის სულმა უნდა იცოდეს სულიერი სამყაროების ბუნება, იმისათვის, რათა შეძლოს მათში ცხოვრება. მანამ, სანამ სული არ მიაღწევს თავის ფესვთან შერწყმას, ის იძულებულია იტანჯოს დროისა და ადგილის ხლართებში.“ (რაბანითი ფეიგა აშლაგი)
კაბალისტური მეთოდიკის წყალობით შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენგან დაფარული უმაღლესი საინფორმაციო დონის შეგრძნება, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროს მართავს. თუკი გვეცოდინება, თუ როგორ ხორციელდება ეს მართვა, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ უფრო ზოგადი, ღრმა და ჭეშმარიტი კანონები, რომლებიც ბუნებასა და ჩვენ - როგორც მის ნაწილს გვამოძრავებს.
კაბალა ადამიანს საკუთარი თავის უკეთ შეცნობის, ამ პლანეტაზე, კოსმოსში მისი გაჩენის მიზნის დანახვის და მთელი ისტორიის მანძილზე მასზე მომხდარის გააზრების საშუალებას აძლევს. რა ფორმულით ვითარდება კაცობრიობა? რა წარმოადგენს ადამიანის, კაცობრიობის, მთელი ბუნების ევოლუციის მოქმედ ძალას? გეოლოგიური პერიოდები, საზოგადოებრივი ფორმაციები, ჩვენი მომავალი, ჩვენი ნების თავისუფლება, ბოლოს და ბოლოს, ბედის შეცვლის საშუალება - ამ ყველაფერს კაბალაში ნათელი ეფინება. იგი ამ შეკითხვებზე ძალიან საინტერესო და ზოგჯერ მოულოდნელ პასუხებს გვცემს.
კაბალა უბრალოდ ცოდნას კი არ აძლევს ადამიანს სულიერი სამყაროს აგებულების შესახებ, არამედ შინაგანად ცვლის მას და ადამიანი იწყებს ყოველივე იმის შეგრძნებას, რასაც სწავლობს. ეს მეთოდიკა საშუალებას აძლევს მას მონახოს თავის ცხოვრებაში ის წერტილი, სადაც ნამდვილად გააჩნია თავისუფალი არჩევანი და ამით რეალურად შეცვალოს თავისი მომავალი.