Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

ვის შეუძლია კაბალის შესწავლა

1თაობა თაობას ცვლის, კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ არსებობს კითხვა, რომელიც უცვლელი რჩება და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ყველა ადამიანს ებადება. ეს არის კითხვა ცხოვრების აზრის შესახებ. იგი განსაკუთრებით  ომების, საყოველთაო გაჭირვებისა და წარუმატებლობის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. რას ემსახურება ეს ჩვენი ცხოვრება მისი უმნიშვნელო სიამოვნებებით, ასე ძვირად რომ გვიჯდება? ჩვენ ხომ ტანჯვის არარსებობა უკვე ბედნიერებად გვეჩვენება.

სამართლიანადაა ნათქვამი: „შენს უნებლიედ იბადები, შენს უნებლიედ ცხოვრობ, შენს უნებლიედ კვდები.“

თუკი ბრმა ბუნების ნებასა ვართ მიცემულნი, არავინ იცის, საით წაგვიყვანს ეს ველური ბუნება, რომელიც ინსტინქტების გამარჯვებისათვის გაბოროტებულ ბრძოლაში გამუდმებით ისე უპირისპირებს ერთმანეთს ცალკეულ პიროვნებებს, სხვადასხვა ხალხებს, მთელ ერებს, როგორც ველურ ცხოველებს. მაგრამ სადღაც, ქვეცნობიერად ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე როგორც გონიერ არსებებზე.

ხოლო თუკი არსებობს ჩვენი შემქმნელი უმაღლესი ძალა, რატომ ვერ ვგრძნობთ მას, რატომაა ის ჩვენთვის უჩინარი? რომ გვცოდნოდა, თუ რას მოელის ის ჩვენგან, ხომ არ დავუშვებდით ცხოვრებისეულ შეცდომებს და შედეგად ტანჯვას არ მივიღებდით!

რამდენად უფრო იოლი იქნებოდა ცხოვრება, შემქმნელი რომ დაფარული არ იყოს, არამედ თითოეულს შეეძლოს მისი შეგრძნება და ხილვა. გაქარწყლდებოდა ყველა ეჭვი მისი არსებობის შესახებ, შესაძლებელი იქნებოდა მისი მართვის საკუთარ თავზე და გარემომცველ გარემოზე შეგრძნება და დანახვა. შევძლებდით გაგვეცნობიერებინა ჩვენი შექმნის მიზეზი და მიზანი, დაგვენახა ჩვენი ქმედების შედეგები, შემქმნელის რეაქცია მათზე, წინასწარ, მასთან დიალოგში გაგვერკვია ყველა ჩვენი პრობლემა, გვეთხოვა დახმარება, გვეძებნა თავშესაფარი და რჩევა, გვეჩივლა და მიგვეღო ახსნა იმისა, თუ რატომ გვექცევა ასე, გვეკითხა რჩევა მომავლისათვის, გამუდმებით შემქმნელთან კავშირში და მისი რჩევით შევცვლილიყავით, ისე როგორც მას სურს და სასარგებლოა ჩვენთვის.

ისევე როგორც ბავშვები დაბადებიდან გრძნობენ დედას (შემქმნელი კი არანაკლებ ახლოდ შეიგრძნობოდა, რადგან ადამიანი მას როგორც თავისი გაჩენის წყაროს, თავის მშობელს, თავისი არსებობის და მის მომავალ მდგომარეობათა მიზეზს ისე აღიქვამს) უკვე „აკვნიდან“ შევძლებდით შემქმნელთან ურთიერთობას. მისი ჩვენს საქციელზე რეაქციის დანახვით ვისწავლიდით სწორად ცხოვრებას.

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ნათელია,  რომ ამქვეყნად ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაკლია – შემქმნელის შეგრძნება!

„ადამიანის მთავარი სამუშაო, ის უმთავრესი რამ, რასაც მან ცხოვრებაში უნდა მიაღწიოს, მხოლოდ შემქმნელის შეგრძნებაა, რომ შეიგრძნოს მისი რეალობა, ის, რომ მთელი სამყარო მისი დიდებითაა სავსე. და ამ შეგრძნების (და არა სხვა რამის) მისაღწევად უნდა იხმაროს ადამიანმა ყველა ღონე.“ (ბაალ სულამი, „შამათი“,  სტატია №4)

შემქმნელის შეგრძნების ძიების მეთოდს კაბალა ეწოდება.

კაბალის სწავლა შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, განათლებისა და ნიჭისა, რადგან მის შესასწავლად მხოლოდ ერთი წინაპირობა არსებობს – ადამიანის მწვავე სურვილი შეიტყოს თავისი ცხოვრების აზრი და გახდეს თავისუფალი.

„თუკი ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ ერთ, ყველასათვის ცნობილ შეკითხვას, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ყველა კითხვა და ეჭვი კაბალის შესწავლასთან დაკავშირებით უმალ გაქარწყლდება – ეს მწვავე, მტკივნეული, სამართლიანი შეკითხვაა, რომელიც ყოველ ამქვეყნად შობილს უჩნდება: „რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი?“

(იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგი, „სწავლება ათი სფირის შესახებ“)

 

 

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია