წიგნი “ზოჰარი” მხოლოდ სულიერი სამყაროს შესახებ საუბრობს, ჩვენ ჩვენს თავში შეგრძნებების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ და ეს სამყარო ჩვენს შიგნით დავინახოთ. ნუ შეეცდებით ტექსტის ნურც დამახსოვრებას და ნურც განძრახ დავიწყებას . თუ თქვენ გრძნობთ, რომ წიგნის კითხვის დროს რაღაც განიცადეთ და ამის შემდეგ არაფერი არ დაგრჩათ, ეს ნორმალური მოვლენაა. მთავარია, რომ ჩვენს შიგნით ცვლილებები მოხდეს და როდესაც დავიწყებთ ჩვენი შეგრძნებების შედარებას, მაშინ გაჩნდება გონება.
ანუ გონება მას შემდეგ გაჩნდება, რაც ჩვენში შეგრძნებების რაღაც რაოდენობა დაგროვდება და ჩვენ მათში გარკვევა დაგვჭირდება. გონება – ეს ჩვენი თვისებების განუყოფელი ნაწილია. ის იმისათვისაა აუცილებელი, რომ გავერკვეთ, თუ რას ვგრძნობთ და შეგვეძლოს ამ გრძნობების რეგულირება.
მაშასადამე, რა არის ჩვენი სწავლა? პრინციპში, ის იმაში მდგომარეობს, რომ ტექსტის კითხვის დროს ჩვენ რაღაცის წარმოდგენა შევძლოთ, პირველ რიგში შეგრძნებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევეცადოთ მივხვდეთ თუ რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჩვენ ამგვარად უმაღლესი სამყაროს აღქმის ორგანოს ვავითარებთ.
სინამდვილეში ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც პატარა ბავშვი იქცევა, როდესაც ის ჩვენს სამყაროს შეიმეცნებს. მან არ იცის, რა ხდება მის ირგვლივ. მან არ იცის, რას აჩვენებენ, რას ეუბნებიან. ის მხოლოდ შთაბეჭდილებებს აგროვებს, რომლების მიხედვითაც შემდგომ რაღაც სახის შინაგანი მოდელები აიწყობა. ბავშვი მათ იმახსოვრებს, უფარდებს ერთმანეთს და ასე იწყება შეცნობა, ახალ სამყაროში შესვლა.
ამავე პრინციპით – შეცნობისა და განვითარების აბსოლუტურად ბუნებრივი პრინციპით – ჩვენ “ზოჰარის” კითხვით საკუთარ სულიერ განვითარებას და უმაღლესი სამყაროების შეცნობას ვიწყებთ.