Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

ხშირად დასმული კითხვები


 

FAQკაბალისტის პასუხები

(რამოდენიმე შეკითხვა ისრაელის საზოგადოებრივი არხის ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემიდან „შეეკითხე კაბალისტს“, რომელშიც ტელემაყურებელთა შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში პასუხობს მეცნიერი – კაბალისტი, მიხაელ ლაიტმანი) 

კითხვა:   შევამჩნიე, რომ ამ ბოლო ხანებში დიდი ხმაური შეიქმნა კაბალის გარშემო. მე კი მინდა პირადად თქვენ გკითხოთ: რა არის კაბალა?

პასუხი: კაბალა განისაზღვრება ასე: ადამიანის წინაშე შემქმნელის ამქვეყნად გამოვლენა.

ანუ, ნებისმიერ ადამიანს, ზუსტად ისეთს, როგორიც ხართ თქვენ და ვარ მე, თუ გაუჩნდება მისწრაფება, სურვილი, რომ გამოავლინოს უმაღლესი ძალა, რომელიც   ახდენს ზემოქმედებას მასზე, თან ახლავს მუდმივად და განსაზღვრავს მის ცხოვრებას, მაშინ მას ამის გაკეთება შეუძლია კაბალის დახმარებით.  მეცნიერება კაბალა ეს არის შემქმნელის  გამოვლენის საშუალება, ანუ პირადად ყოველი ადამიანის მიერ შემქმნელის ინდივიდუალური აღქმა. ის არ არის რელიგია. მასში არავითარი მისტიკა არ არსებობს. ეს არის მეცნიერება (მას ზოგჯერ უმაღლესი სამყაროს ფიზიკას უწოდებენ) მთელი სამყაროს (ქვეყნიერების) შესახებ, რომლის შესწავლაც ადამიანს საშუალებას აძლევს პასუხი გასცეს კითხვას თავისი არსებობის მიზეზისა და მიზნის შესახებ, საშუალებას აძლევს გაარკვიოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, გამოიკვლიოს და მიიღოს საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტილება თავისი მდგომარეობის უკეთესობისაკენ შეცვლის მიზნით. 

კითხვა: დავიწყე ინტერნეტით თქვენი ღამის გაკვეთილების ყურება და მინდა გკითხოთ; იციან თუ არა კაბალისტებმა ის, რაც ჩვეულებრივმა ადამიანებმა არ იციან? და თუ იციან, როგორ მიიღეს მათ ეს ცოდნა და საიდან?

პასუხი: კაბალისტები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კაბალისტური მეთოდიკის მეშვეობით მათ განივითარეს გრძნობის დამატებითი ორგანო, რომელსაც  ”ეკრანი” (მასახი), ”სული” (ნეშამა) ან ”მეექვსე გრძნობა” ეწოდება. მისი საშუალებით მათ შეუძლით დაინახონ რეალური სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის ფარული და მიუწვდომელია.

ჩვენ ამ სამყაროში ვარსებობთ და ჩვენთვის ნათელია, რომ იგი არ არის სრულყოფილი. ჩვენ ისიც კი არ ვიცით თუ შემდეგ წამს რა მოხდება.  კაბალისტებს კი - განავითარეს რა მათ შეგრძნების განსაკუთრებული ორგანო, რომელიც მათ ანიჭებს საკუთარი თავიდან გამოსვლის და განსაკუთრებული აღთქმის უნარს - შეუძლიათ აღიქვან რეალობის უფრო ფართო სპექტრი, რომელსაც სულიერი, ანუ უმაღლესი სამყარო ეწოდება. ამის მეშვეობით ისინი გრძნობენ და ესმით, თუ რა ხდება მთელ სამყაროში, მთელ რეალობაში. კაბალისტი ძალთა იმ დაფარულ ბადეს აღიქვამს, რომელიც ჩვენს რეალობას, ჩვენი ცხოვრების სურათს ხატავს. 

კითხვა: შეუძლია თუ არა სახელის შეცვლას იქონიოს რაიმე გავლენა ადამიანის ბედზე?

პასუხი: სახელის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა რამის შეცვლას გავლენა შეუძლია მოახდინოს არა ადამიანის ბედზე, არამედ მის ფსიქოლოგიურ თვითშეგრძნებაზე. ამ თვალსაზრისით სახელის ცვლილებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს გარკეული დადებითი ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ აქ ადგილი ექნება მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიურ ეფექტს. ცხადია, რომ ყველაფერი ადამიანის არჩევანზე, მის მიერ საკუთარ თავზე ჩატარებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. არსებობს ერთადერთი საშუალება, რომელსაც ადამიანის ბედის შეცვლა შეუძლია  - ადამიანმა საკუთარი ნებით უნდა დაიწყოს წინსვლა სამყაროს შექმნის მიზნისაკენ. მაშინ მასზე შეწყვეტენ მოქმედებას ამ მიზნისაკენ იძულებით მიმმართავი ბუნებრივი ძალები.

კითხვა: როგორ ხსნის კაბალა ისეთ პრობლებას, როგორიცაა განქორწინება? რატომ ხდება ეს ასე ბევრ ოჯახში და როგორ შეიძლება ამის შეჩერება?

პასუხი: განქორწინება - ეს თანამედროვე საზოგადოების მწვავე პრობლემაა, არა მარტო ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქმე ისაა, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, თაობიდან თაობამდე კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენს სამყაროში ბრუნდებიან ერთი და იგივე სულები, იგივე ადამიანები, რომელებმაც გამოიარეს მრავალი რეინკარნაცია. ყოველი შემდგომი დაბრუნებით ჩვენ განუწყვეტლივ ვზრდით ჩვენს ეგოიზმს, სიამოვნების მიღების სურვილს, ყველაფრის შთანთქვის სურვილს. და ჩვენს თაობაში უკვე მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ყოველი ჩვენთაგანი არის აბსოლუტური ეგოისტი, რომელსაც ახლობელი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ რამეში გამოიყენოს.

ეს ეგოიზმი იმდენად ძლიერია, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარ ოჯახში, ჩვენს პარტნიორთან ერთად ცხოვრებაც კი გვიჭირს. ბავშვები, წამოიზრდებიან თუ არა, უკვე ვეღარ ეგუებიან მშობლებს და აღარც მშობლებს სურთ შვილებთან ერთად ცხოვრება. ადამიანი საკუთარ თავთანაც კი განუწყვეტლივ კონფლიქტშია. ჩვენი ეგოიზმი  ისე გაიზარდა, რომ  მისი ატანა ძალიან გვიმძიმს. ამიტომაც, ჩვენ უკვე უნარი აღარ შეგვწევს შევქმნათ საზოგადოების თუნდაც ისეთი ელემენტარული, მცირე და ბუნებრივი უჯრედი, როგორიცაა ოჯახი, რომლის შექმნასაც თვითონ ბუნება გვავალდებულებს.

არსებობის ასეთი ფორმა, როგორიც ოჯახია, ხომ ცხოველებისთვისაც დამახასიათებელია, მაგრამ ადამიანის ეგოიზმმა უკვე ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ჩვენ ვეღარ ვიჭერთ ჩვენს თავს ბუნების კანონების ჩარჩოებში კი. ეს კი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი თაობა ვალდებულია გამოასწოროს საკუთარი თავი და ამ მატერიალური დონიდან უფრო სულიერ დონემდე ამაღლდეს. 

კითხვა: ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება გამუდმებულ ტანჯვად იქცა. მინდა ვიცოდე – რა ხდება ჩემს თავს?

პასუხი: კაბალა გვიხსნის, რომ ტანჯვა  ბუნების ძალის ზეწოლის შედეგია, რომელიც რაღაც მიზნისაკენ გვიბიძგებს. ეს ფიზიკურ ტკივილს წააგავს: ტკივილის შეგრძნება რომ არ არსებობდეს, ავადმყოფობა ჩვენს სხეულში ისე შეუმჩნევლად გავრცელდებოდა და გაძლიერდებოდა, რომ მის განკურნებას უკვე ვეღარ შევძლებდით. ტკივილის დანიშნულებაა ადამიანს ყურადღება დაავადებული ადგილისაკენ მიაქცევინოს.

სწორედ ასე უნდა განვიხილოთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა – კარგი თუ ცუდი, განსაკუთრებით ცუდი. მათში მოწოდებაა დაფარული: „მიაქციე ყურადღება! რატომ ხდება ეს შენს თავს?“.

თუკი ჩვენი მსმენელი მიხვდება, რომ მისი ტანჯვა შემთხვევითი არაა და კი არ გაექცევა  ტკივილს, როგორც პატარა ბავშვი, არამედ, თვალს გაუსწორებს მას და ეცდება მისი მიზეზისა და მიზნის გამორკვევას, ის მიაღწევს მდგომარეობას, როდესაც წინსვლისაკენ ტანჯვით კი არ უბიძგებენ, არამედ, ის თვითონ, საკუთარი ნებით, ამ მიზნისაკენ დარტყმების გარეშე იმოძრავებს. ის იგრძნობს, რომ ტანჯვა სასჯელი კი არა, საჩუქარია, რომლის ერთადერთი მიზანიც ადამიანის გამოღვიძებაა. ის დაინახავს, რომ ადამიანის ბუნება მიღების სურვილია (ასეთი „მასალისაგან“ ვართ შექმნილი), რომ არსებობს სხვა სახის ბუნებაც – გაცემის სურვილი – ამას  სულიერი სამყარო ქვია.  და ამ ქვეყანაზე ადამიანის სიცოცხლის ნამდვილი მიზანი სწორედ ამ მეორე ბუნების შეძენაა.

კითხვა:  ვახდენთ თუ არა  გავლენას ერთმანეთზე  ფიქრების, სურვილების, აზრების მეშვეობით?

პასუხი:ყოველგვარი ეჭვის გარეშე. კაბალაში ეს ცნობილია. დღეს კი ამ დასკვნამდე მეცნიერებიც მიდიან. ჯერ კიდევ დაახლოებით ოთხი წლის წინათ  ჩემს ერთ ნაცნობს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს შევხვდი, რომელსაც ამერიკის მთავრობამ სპეციალური ფედერალური პროგრამის ფარგლებში ამ თემაზე მუშაობა დაავალა. მისი ამოცანა იყო გამოერკვია თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ადამიანი თავისი ფიქრებით და აზრებით ხალხზე და საერთოდ სამყაროზე. მართალია ეს გამოკვლევები არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე წინასწარი კვლევის შედეგადაც ურთიერთზეგავლენის ძალიან საინტერესო სურათი შეიქმნა. და მართლაც, ჩვენ ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებით, აზრებით, განზრახვებით, რეალურად ვმოქმედებთ ყველაფერზე. ვიტყოდი, რომ ეს ზემოქმედების ყველაზე უფრო მძლავრი და ეფექტური იარაღია. საერთოდ, რაც უფრო დაფარული, უხილავია ძალა, მით უფრო დიდი სიმძლავრე, ზეგავლენა გააჩნია მას. 

მთელი ჩვენი პრობლემა და დღევანდელი მსოფლიო კრიზისი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შინაგანად  უარყოფით გავლენას ვახდენთ ერთიმეორეზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან გლობალურად დაკავშირებული ყოველთვის ვიყავით, ჩვენ ამ კავშირს ვერ ვამჩნევდით.  დღეს ეგოიზმის ზრდამ ეს კავშირი უკვე რეალურად წარმოაჩინა და გაცილებით უფრო ინტენსიური და მძლავრი გახადა.

უკვე ისეთ მდგომარეობას მივაღწიეთ, რომ სიამოვნების მიღების სურვილი, ეგოიზმი აშკარად ბატონობს ჩვენზე. ის იმის საშუალებასაც კი არ გვაძლევს, რომ  სამართლიანი ვაჭრობა ვაწარმოოთ. ბევრი მზადაა მოიტყუოს, მოიპაროს, გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს.  ადამიანი თანახმაა თავი გასწიროს, რომ როგორმე  კიდევ 50 მილიონი დოლარი მოიგოს იმის გარდა, რაც უკვე აქვს და რისი ”მონელებაც” ისედაც არ შეუძლია.  მაინც ბერავს და ბერავს თავის კაპიტალს და ვერ ჩერდება.

ნახეთ რა გვიქნა გადაჭარბებულმა ეგოიზმმა!

ეს რაც შეეხება მოქმედებას...  ყველაზე დიდ ზიანს კი ჩვენ ერთმანეთს ვაყენებთ ჩვენი ცუდი განზრახვებით, ფიქრებით, აზრებით.

ამიტომ, შინაგანი ურთიერთზემოქმედების მექანიზმის შესწავლის გარეშე  პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. 

კითხვა: კაბალა უძველესი სიბრძნეა, რომლის ისტორიაც ათასობით წელს ითვლის. რა შეუძლია მან მისცეს დღეს თანამედროვე ადამიანს? რითია აქტუალური ჩვენთვის ეს მეთოდიკა, რომელსაც თქვენ ფლობთ?

პასუხი:კაბალა უძველესი და ამასთანავე ყველაზე თანამედროვე მეცნიერებაა, იმიტომ, რომ ის ლაპარაკობს ჩვენზე, ჩვენს სიცოცხლეზე, მის საწყისზე, მის აზრზე. იგი შეისწავლის მთელ რეალობას, მთელ სამყაროს, მის ხილულ და, რაც მთავარია, მის ფარულ ნაწილსაც, რომელსაც სულიერი, ანუ  მიზეზების სამყარო ეწოდება. სულიერი სამყარო მთლიანად მართავს ჩვენ სამყაროს. ამიტომ, კაბალა ადამიანს საშუალებას აძლევს მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მიზეზები, შედეგები, აზრი დაინახოს, გაარჩიოს ერთმანეთისაგან ის, რაც წინასწარ განსაზღვრულია (ანუ რისი შეცვლაც ადამიანს არ ძალუძს) და ის, რაშიც მას არჩევნის თავისუფლება გააჩნია. აქედან გამომდინარე ის ხედავს გამოსავალს და ირჩევს სწორ გზას.

კითხვა: მაგალითად, რა შეუძლია კაბალას გვითხრას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ის კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგევართ, რომელიც ვრცელდება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე  და რომელიც  შიმშილით, ეპიდემიებით, ეკოლოგიური პრობლემებით...გვემუქრება?

პასუხი:იმისათვის რომ განადგურებას გადავრჩეთ, ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ საყოველთაო კრიზისს.  ამისათვის კი უნდა გვესმოდეს თუ რა სამყაროში ვცხოვრობთ, რა კანონები მოქმედებს და რა პროცესები მიმდინარეობს მასში. მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს კრიზისი განსაკუთრებულია, რომ მისი მიზეზები ფინანსური სფეროთი არ შემოიფარგლება, რომ ნამდვილ გამოსავალს ვერავინ ხედავს. ყველა ლაპარაკობს გლობალურ და ინტეგრალურ სამყაროზე, რომელშიც მოულოდნელად ამოვყავით თავი. მაშ, მოდი გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ”ბუნება გლობალური და ინტეგრალურია”, ჩავწვდეთ ამ ფრაზის სიღრმეს, არსს.  ჩვენ რომ ვხედავდეთ, თუ ერთი მხრივ რამდენად ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულნი და რომ ამ ურთიერთკავშირს ვერსად გავექცევით, მეორე მხრივ კი რამდენად ვახრჩობთ ერთმანეთს და ეს ურთიერთსიძულვილი როგორ გვიბრუნდება უკან, ჩვენ რომ შეგვძლებოდა სწორად  აგვეხსნა ჩვენი თავისთვის ის, რასაც ვხედავთ, – რომ კრიზისი სხვა არაფერია, თუ არა არასწორი, მახინჯი ურთიერთობები ჩვენს შორის, – ჩვენ ურთიერთსიყვარულისა და გაერთიანების აუცილებლობას ვიგრძნობდით. პრობლემა ისაა, რომ ამაზე ლაპარაკი საკმარისი არ არის.  საჭიროა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ეს თვითონ შეიგრძნოს, ამისათვის კი უნდა ვხედავდეთ იმ ძალებს, რომლებიც, ჩვენ გვამოძრავებენ. უნდა შევძლოთ სულიერი სამყაროს აღქმა.

მაშინ ყველასათვის ნათელი იქნება ის, რასაც კაბალა გვასწავლის, რომ გაჩენილები ვართ ერთ საერთო სულად და ჩვენი სიცოცხლის მიზანი ამ მდგომარეობაში დაბრუნებაა.

კითხვა: როგორ შეიძლება და საერთოდ, შეიძლება თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება? შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა?

პასუხი:მშვიდობა შედეგია და არა პრობლემის გადაჭრის ხერხი. ერთ მხრივ მთელს არაბულ სამყაროზე გამარჯვება შეუძლებელია, მეორე მხრივ - ისრაელს არც იმის უფლება აქვს რომ დამარცხდეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რუქიდან წაგვშლიან. მაშ, რა ვქნათ, თუკი არც გამარჯვება შეგვიძლია და არც დამარცხება, როდემდე უნდა ვიბრძოლოთ?

ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენს ხელშია: პირველ რიგში ჩვენ ჩვენი საზღვრები და ჩვენი მოსახლეობა უნდა დავიცვათ, არავის იმედზე არ უნდა ვიყოთ. ამის პარალელურად; ჩვენი საზოგადოების გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ. როდესაც ჩვენ ისე გავერთიანდებით, როგორც ერთი ადამიანი ერთი სულით, ამით ჩვენ წარმოვქმნით უზარმაზარ სულიერ ძალას, რომელიც ჩვენი გავლით მთელ მსოფლიოში გავრცელდება და მშვიდობას დაამყარებს. მხოლოდ ჩვენი გაერთიანება, გაერთკაცება შეცვლის ყველა დანარჩენი ერების ჩვენდამი დამოკიდებულებას და შექმნის მშვიდობის საფუძველს.

კითხვა: შესაძლოა თუ არა, რომ ღმერთი შეცდა სამყაროს შექმნისას, რომ მან წინასწარ არ იცოდა რა გამოუვიდოდა, რომ ამდენი ტანჯვა და უბედურება იქნებოდა ამქვეყნად?

პასუხი:ეს შეკითხვა ძალიან ჰგავს ერთერთ ფილოსოფიურ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ღმერთს არ მოეწონა თავის მიერ შექმნილი სამყარო და ბედის ანაბარად მიატოვა ის.

კაბალისტები კი გვიხსნიან, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩვენს გამოუსწორებელ თვისებებში აღვიქვამთ და ამიტომ გვეჩვენება, რომ ის ასეთი ცუდი და დაუნდობელია. მეოცე საუკუნის უდიდესი კაბალისტი, ბაალ სულამი, ჩვენს ასეთ მდგომარეობას ბოლოკში მცხოვრები მატლის არსებობას ამსგავსებს, რომელსაც მიაჩნია, რომ სამყარო მწარე და ცუდია, რადგან მისთვის სამყარო იმ ბოლოკით შემოიფარგლება რომელშიაც ის ზის. როდესაც ეს მატლი ბოლოკის ქერქს გააპობს და გარეთ მოხვდება, ის აღმოაჩენს, რომ ეს სამყარო იმაზე გაცილებით, შეუდარებლად უფრო ნათელი და ლამაზია ვიდრე მას ეგონა.

სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა: როგორ გავცდეთ ამ ქვეყნის „ქერქს“ და დავინახოთ ის უსაზღვრო, ნათელი სამყარო, რომელზეც კაბალისტები გვიყვებიან. სწორედ ამისათვის ვარსებობთ ჩვენ ამქვეყნად, რომ სწორედ მასში მყოფებმა, საკუთარი ძალებით გადავლახოთ ეს საზღვარი, ეს ქერქი კი ჩვენი ეგოიზმია, რომელიც მხოლოდ შთანთქმაზე მუშაობს და ამით ჩვენს აღქმას ვიწრო, შემოფარგლულ, შეზღუდულ სამყაროში აქცევს.

თუკი მე საკუთარი თავზე ზრუნვისაგან მოყვასის სიყვარულზე გადართვას მოვახერხებ, ამით თითქოს მთელს სამყაროს არა საკუთარ ეგოიზმში, არამედ მის გარეთ აღვიქვამ. ეს კარდინალურად ცვლის ჩემს მიერ დანახულ სურათს. სამყარო, რომელშიაც მე ვცხოვრობ უსასრულო, ნათელი, სიკეთით აღსავსე ხდება.

ამის გაკეთება ყველას შეუძლია და მეც ვიწვევ ჩვენს პატივცემულ მსმენელს მონაწილეობა მიიღოს ამ მშვენიერ პროცესში.

 
JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია