განსაზღვრების მიხედვით კაბალა არის ადამიანის მიერ უმაღლესი ძალის – შემქმნელის შეცნობის მეთოდიკა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ ის ერთეულთა ხვედრია. და საუკუნეთა განმავლობაში მართლაც ასე იყო. მაშ რატომ გახდა ეს უძველესი სიბრძნე დღეს ამდენად პოპულარული? რაშია მისი აქტუალურობის საიდუმლოება?
ბრძენთა მიერ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყება პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კაბალის გახსნა ფართო მასებისათვის, რამეთუ მას შეისწავლიან მხოლოდ ისინი, რომელთაც ეს ცოდნა ჰაერივით ესაჭიროებათ. წიგნი „ზოჰარი“ მოგვითხრობს, რომ ამ დროიდან დაწყებული კაცობრიობა მიუახლოვდება სრული დეზორიენტაციის მდგომარეობას. ადამიანები მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ თავიანთი განვითარების ათასწლეულების მანძილზე, გამოიყენეს რა ამ განვითარების სხვადასხვა მიმართულებები: კულტურული, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური, სოციალური და ა.შ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიყვანა ადამიანი სასურველ შედეგამდე. უკვე დაწყებულია საყოველთაო კრიზისი: იკარგება საუკუნო საოჯახო ღირებულებები, ინგრევა მომავალი თაობის აღზრდის პრინციპები, დეპრესია ნომერ პირველ ავადმყოფობადაა აღიარებული, ტერორიზმი, აგრესია და ნარკოტიკები ჩვენი რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ეკოლოგიურმა კრიზისმა ჩააფიქრა მთელი მსოფლიო, იზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება, ადამიანი ვერ პოულობს თავის თავს, უფრო და უფრო გრძნობს მარტოობას, გაუცხოვებას, სიცარიელეს, უიმედობას, ხედავს, რომ ვერ მართავს, ვერ ფლობს თავის ცხოვრებას.
სწორედ ასეთ მდგომარეობაში უნდა გაიხსნას კაბალა, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს განვითარების გზა, რომელიც ამ ქვეყნის სიბრტყეში კი არა, არამედ მაღლა, სულიერებაში მდებარეობს. მით უმეტეს რომ თანამედროვე ადამიანი უკვე მომზადებულია კაბალისტური ინფორმაციის აღსაქმელად. მან განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მზადაა უმაღლესი სამყარო წარმოიდგინოს ძალთა ველების, ენერგიის, შუქის სამყაროდ, სამყაროდ მატერიის ზემოთ. სწორედ ასეთი სამყაროს, ძალების, აზრების, შუქის სამყაროს შესახებ ლაპარაკობს კაბალა .აი რატომ ხდება ის დღეს ასეთი „მოდური“. სინამდვილეში ეს მოდა კი არა, პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტ ძალას მოიკრებს. ადამიანები თანდათანობით გაარკვევენ, თუ რა არის ნამდვილი კაბალა და მრავალთათვის ხელმისაწვდომი გახდება საკუთარი ბუნების გამოსწორებისათვის საჭირო ცოდნა.
კაბალა დღეს ნებადართული და უფრო მეტიც, აქტუალური ხდება, რადგან მოვიდა დრო, როცა სულიერი ბუნების კანონების ცოდნა აუცილებელია როგორც პიროვნების, ასევე საზოგადოების და მთლიანად მსოფლიოს გადასარჩენად.
აი რას სწერს ბაალ სულამი წიგნი „სიცოცხლის ხის" წინასიტყვაობაში: „მხოლოდ კაბალის გავრცელების შედეგად მასებში ვეღირსებით განთავისუფლებას – როგორც ყოველი ჩვენთაგანი, ასევე მთელი კაცობრიობა. მხოლოდ კაბალის შესწავლით მივაღწევთ მიზანს, რომლისთვისაც ვართ გაჩენილები.“
ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ ყველას დიდ წარმატებას კაბალის მეცნიერების შესწავლაში და მის სწრაფ გამოყენებას ამ ცხოვრებაში.